saqarTvelos vakeebi - Sida qarTlis vake

 

სამხრეთ კავკასიის მთათაშორისი ბარის შუა ნაწილი. შემოსაზღვრულია კავკასიონის, ლიხის, თრიალეთისა და ქართლის ქედებით. მოიცავს ტირიფონ-მუხრანის ვაკესა (ჩრდილოეთით) და შუა მტკვრის ხეობას (სამხრეთით), რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კვერნაქის ქედით. ტირიფონ-მუხრანის ვაკეს უკავია ნეოგენური წყებების სინკლინი და წარმოქმნილია კავკასიონის მდინარეთა აკუმულაციური მოქმედებით. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 500-800 მ. მისი დასავლეთი ნაწილი ტირიფონის ვაკეა, აღმოსავლეთი - საამილახვროსა და მუხრან-საგურამოს ვაკეები. მტკვრის ხეობა გამომუშავებულია კვერნაქისა და თრიალეთის ქედებს შორის, დატერასებულია. ხეობის ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 500-700 მეტრი.

ჰავა

შიდა ქართლის ვაკის ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-12°, იანვრისა - 3°, ივლისისა - 20-22°. წელიწადში 500-700 მმ ნალექი მოდის.

ლანდშაფტები

ვაკეზე ძირითადად გავრცელებულია მდელოს ალუვიური კარბონატული, ტყის ყავისფერი და შავმიწისებრი ნიადაგები, რომელზედაც განვითარებულია სტეპური და ტყესტეპური მცენარეულობა. მთავარ მდინარეთა გაყოლებით ჭალის ტყის ფრაგმენტებია. გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტები.